Читать книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - იაკობ ცურტაველი - Страница 5
Ⴌახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა Ⴅეფხისტყაოსნისა
ОглавлениеႬახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
Ⴘავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
Ⴞშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
Ⴚრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.
Ⴋას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
Ⴅეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
Ⴞელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
Ⴌახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.
Ⴜავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
Ⴇავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად, —
Ⴋუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, —
Ⴀხლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.
Ⴅერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
Ⴃიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;
Ⴋოახსენა: «Ⴂიბრძანებსო», ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
Ⴈგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.
Ⴋის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
Ⴋათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
Ⴓცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი,
Ⴚრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.
Ⴑხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
Ⴄსე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
Ⴀრცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
Ⴀრცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.
Ⴐა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,
Ⴐოსტანს ჰკადრა: «Ⴘემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
Ⴇვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,
Ⴅერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და».
Ⴋეფე გაკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე;
Ⴂაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე,
Ⴓბრძანა: «Ⴞელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
Ⴋიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე».
Ⴋონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
Ⴋაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია,
Ⴇვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია,
Ⴄრთხელ ესე თქვა: «Ⴅა მეო!», სხვად არას მოუბარია.
Ⴇვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა,
Ⴞრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,
Ⴚხენსა შეჯდა, – მონათამცა საუბარნი რად იყურნა! —
Ⴑხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.
Ⴋონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
Ⴋან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
Ⴠკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აღუპყრობელად,
Ⴆოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად.
Ⴋეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;
Ⴋან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
Ⴐაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
Ⴉაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ივაგლახნა.
Ⴘესხდეს მეფე და Ⴀვთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
Ⴈგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
Ⴒაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,
Ⴘეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.
Ⴐა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
Ⴋასვე წამსა დაიკარგა, – არ უნახავს თვალსა ჩვენსა, —
Ⴠგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
Ⴄძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
Ⴉვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
Ⴀგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;
Ⴊაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
Ⴋეფემან ბრძანა: «Ⴅნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა».
Ⴁრძანა: «Ⴖმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება,
Ⴀმად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება,
Ⴑიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება.
Ⴋასვე მადლი! Ⴄსე იყო წადილი და მისი ნება».
Ⴄსე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,
Ⴀრცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
Ⴗველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
Ⴆოგთა თქვეს, თუ: «Ⴋართალია», ზოგი: «Ⴖმერთო!», უზრახვიდა.
Ⴋეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
Ⴋისგან კიდე არვინ შეჰყვა, Ⴀვთანდილ უჩნს ვითა შვილი.
Ⴗველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
Ⴂაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.
Ⴇინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,
Ⴀდგა და კარსა მივიდა, – ჰქონდა მზისაცა ცილობა, —
Ⴋოლარე იხმო, უბრძანა: «Ⴛილია, თუ ღვიძილობა?»
Ⴋან მოახსენა: «Ⴃაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.
«Ⴄრთიღა ახლავს Ⴀვთანდილ, წინაშე უზის სკამითა;
Ⴓცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით ა».
Ⴇინათინ ბრძანა: «Ⴀწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით ა,
Ⴋიკითხოს, ჰკადრე: Ⴈყო-თქო აქა ერთისა წამითა».
Ⴞანი გამოხდა, იკითხა: «Ⴌეტარ, რასა იქმს ქალიო,
Ⴙემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?»
Ⴋოლარე ჰკადრებს: «Ⴋოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო,
Ⴃაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო».
Ⴓბრძანა, თუ: «Ⴜადი, უხმე! Ⴓმისობა ვით გავძლეო?
Ⴋოახსენე: «Ⴐად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?
Ⴋოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,
Ⴂითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო»».
Ⴇინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,
Ⴓგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.
Ⴋამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა,
Ⴓბრძანა: «Ⴋახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?»
Ⴕალმან ჰკადრა: «Ⴞელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
Ⴅინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!
Ⴇქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
Ⴉაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს».
Ⴓბრძანა: «Ⴘვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
Ⴘენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
Ⴋომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია.
Ⴅეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.
«Ⴓცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,
Ⴋისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
Ⴐა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;
Ⴙემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.
«Ⴋე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.
Ⴘესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
Ⴅითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
Ⴟერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.
«Ⴀწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!
Ⴋან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.
Ⴉაცად ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!
Ⴓცილოდ Ⴖმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.
«Ⴒკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
Ⴃამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.
Ⴗოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,
Ⴑადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!»
Ⴕალმან ჰკადრა: «Ⴋოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
Ⴠე მეფეო! Ⴐად ემდურვი ანუ Ⴖმერთსა, ანუ ბედსა?
Ⴐად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
Ⴁოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?
«Ⴋე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,
Ⴘორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.
Ⴂაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი,
Ⴀდრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი».
Ⴋოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,
Ⴓბრძანეს: «Ⴜადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა?
Ⴋონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,
Ⴋისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა».
Ⴉაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია,
Ⴋონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,
Ⴅერ ნახეს მისი მნახავი Ⴖმრთისაგან დანაბადია,
Ⴚუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.
Ⴋონათა ჰკადრეს: «Ⴋეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
Ⴋაგრამ ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,
Ⴋისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,
Ⴙვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით».
Ⴋეფე ბრძანებს: «Ⴋართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
Ⴅნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო,
Ⴙემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო.
Ⴂამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო».
Ⴄსე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა.
Ⴋგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა.
Ⴃია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.
Ⴋისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!
«Ⴎირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად, —
Ⴞამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, —
Ⴋერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.
Ⴞამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.
«Ⴅართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,
Ⴀმისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:
Ⴙემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,
Ⴀმა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.
«Ⴊაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;
Ⴃარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი,
Ⴜიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,
Ⴀქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!
«Ⴊაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,
Ⴀქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,
Ⴋე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
Ⴀრ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.
«Ⴋაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,
Ⴀცნობე ჩემი სიკვდილი, – იყავ მართ ვითა მთრვალია, —
Ⴋიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.
Ⴂლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.
«Ⴋაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,
Ⴌუთუ ადრე დამივიწყო? Ⴋახსენებდე ზედა-ზედ-რე!
Ⴋეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,
Ⴆრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე».
Ⴐა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,
Ⴇვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოყარა,
Ⴋოახსენა: «Ⴓშენომან გულმან რამცა გაიხარა!
Ⴅიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.
«Ⴙემად ნაცვლად დაგაგდებო», – ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
Ⴐაგვარა ვქმნა პატრონობა? Ⴐამც გიფერე, რამც გიგვანე?
Ⴘენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!
Ⴑჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე!»
Ⴗმამან უთხრა: «Ⴋომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:
Ⴐა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.
Ⴋარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად,
Ⴉაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
«Ⴅისმცა ვუთხარ ხვაშიადი? Ⴘენგან კიდე არვინ ვარგა,
Ⴓშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა?
Ⴑანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა,
Ⴉვლა ნუთუმცა შემოვიქეც, Ⴖმერთმან სრულად არ დამკარგა.
«Ⴔათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
Ⴋარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
Ⴀქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;
Ⴜიგნსა მოგცემ, გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი».