Читать книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - იაკობ ცურტაველი - Страница 8
Ⴀვთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
ОглавлениеႠმ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს:
Ⴑაბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს.
Ⴅის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,
Ⴈგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.
Ⴀვთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,
Ⴃააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა,
Ⴋაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;
Ⴇქვა: «Ⴇუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა».
Ⴀხალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
Ⴋოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;
Ⴇქვის: «Ⴝირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,
Ⴋოვჰშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!»
Ⴅარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა,
Ⴂულსა უთხრის, თუ: «Ⴃათმეო», ამად არ დია ბნდებოდა.
Ⴓცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა,
Ⴋგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა
Ⴋუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად.
Ⴓჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.
Ⴇქვის: «Ⴑაყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად?
Ⴘენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად».
Ⴗოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,
Ⴀსრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა,
Ⴋაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.
Ⴀმაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.
Ⴋიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,
Ⴇვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა,
Ⴈგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა,
Ⴃღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.
Ⴋას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,
Ⴂამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა.
Ⴋის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,
Ⴍრგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.
Ⴆედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს;
Ⴇვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს;
«Ⴅა თუ საქმე გამიმჟღავნდეს!, – კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს, —
Ⴀვსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს».
Ⴑაგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად,
Ⴇქვა: «Ⴇუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
Ⴙემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად,
Ⴋისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?»
«Ⴇუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,
Ⴐომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი,
Ⴃრო გარდაუწყდეს Ⴘერმადინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი,
Ⴋივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!
«Ⴓამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული,
Ⴋათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,
Ⴋერმე მივიდე ცოცოხალი, სადმე სხვაგან მე რებული!»
Ⴀმას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.
Ⴈტყვის: «Ⴖმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?
Ⴋე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ,
Ⴂულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ?
Ⴃღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ».
Ⴉვლაცა იტყვის: «Ⴃათმობა სჯობს» და თავსავე ეუბნების:
«Ⴃღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,
Ⴓღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
Ⴂანგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების».
Ⴇავს უთხრა: «Ⴋოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა;
Ⴋიხვალ, დაგვხვდების Ⴇინათინ, – ანათებს დღესა მზიანსა, —
Ⴂკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?»
Ⴈგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა შაბნარ-წყლიანსა.
«Ⴗოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
Ⴋაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;
Ⴓღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.
Ⴀწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?»
Ⴋთით ჩამოვიდა Ⴀვთანდილ, გავლო წყალი და ტყენია,
Ⴋინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია.
Ⴂასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია,
Ⴁროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.
Ⴋობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა,
Ⴋას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;
Ⴇვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,
Ⴋხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.
Ⴇუცა მხეც-ქმნილი Ⴀვთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით ა,
Ⴄგრეცა ჭამა მოუნდის Ⴀდამის ტომთა წესითა,
Ⴈსრითა მოკლის ნადირი, Ⴐოსტომის მკლავ-უგრძესითა,
Ⴘამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.
Ⴚხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს;
Ⴄქვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მივიდოდეს;
Ⴇქვა, თუ: «Ⴠგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!
Ⴀქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს».
Ⴞელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი, მათკენ მივა მხიარული.
Ⴍრთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,
Ⴇავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული,
Ⴒიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.
Ⴓყივლა, თუ: «Ⴛმანო, ვინ ხართ? Ⴋეკობრეთა დაგამსგავსენ!»
Ⴋათ მიუგეს: «Ⴃაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ,
Ⴅერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,
Ⴑატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ»
Ⴀვთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა;
Ⴋათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა:
«Ⴙვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა,
Ⴃია გვაქვს ციხე-ქალაქი Ⴞატაეთს არე-მარეთა.
«Ⴉარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით,
Ⴂვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით,
Ⴑანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,
Ⴅხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.
«Ⴙვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით,
Ⴋით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:
«Ⴋე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო», სიტყვანი გავაქილენით,
Ⴅერ გავიჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით.
«Ⴃღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა,
Ⴅთქვით: «Ⴂავაჩინოთ მართალი, ვინ სჯობთ თავისა მკლავითა,
Ⴇავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა,
Ⴇვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა».
«Ⴙვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია,
Ⴊაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია,
Ⴋოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია,
Ⴃავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.
«Ⴀნაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია,
Ⴆედა ჯდა შავსა ტაიჭსა, – მერანი რამე შავია, —
Ⴇავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია,
Ⴟერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია
«Ⴅუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით,
Ⴅთქვით, თუ: «Ⴋზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!»
Ⴋისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით,
Ⴀსრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.
«Ⴋე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით;
Ⴙემმან შემდეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით;
Ⴀმან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალეთ ჩვენებით,
Ⴋივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.
«Ⴁროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა,
Ⴈგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა:
Ⴀრ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა,
Ⴋისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!
«Ⴓმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით;
Ⴞელი მოჰკიდა, «Ⴃადეგო!», ესეცა ჰკადრა კიდ ენით;
Ⴋან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით,
Ⴇავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.
«Ⴋით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,
Ⴅითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა,
Ⴋისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა,
Ⴇვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა!
«Ⴀღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად,
Ⴀგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად».
Ⴘორს უჩვენებდეს Ⴀვთანდილს მტირალნი გაუხარებლად,
Ⴍდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად
Ⴀჰა, მიჰხდა Ⴀვთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,
Ⴐათგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა.
Ⴉაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,
Ⴋაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.
Ⴓთხრა, თუ: «Ⴛმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,
Ⴋე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა,
Ⴀწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა,
Ⴖმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!
«Ⴅითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,
Ⴀგრემცა Ⴖმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!»
Ⴓჩვენა მისი სადგომი: «Ⴋიდითო ნება-ნებასა,
Ⴙრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა».
Ⴄსე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,
Ⴅითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა,
Ⴀნ მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.
Ⴃაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.
Ⴋიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:
«Ⴑაუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!
Ⴞამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
Ⴀრ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.
«Ⴐათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად,
Ⴐომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,
Ⴋივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,
Ⴀნუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად»
Ⴀვთანდილ იტყვის: «Ⴄზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?
Ⴐაცაღა არის, არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;
Ⴑადაცა მივა, მივიდეს, რაზომმც მოვლოდეს ზღუდენი,
Ⴋუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი».
Ⴜინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი,
Ⴃღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი.
Ⴀრსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი.
Ⴋათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.
Ⴃღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,
Ⴉლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,
Ⴜყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,
Ⴞე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.
Ⴋან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი კლდენია;
Ⴀვთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,
Ⴋას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,
Ⴋუნით უჭვრეტდა. Ⴈგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.
Ⴐა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,
Ⴕვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,
Ⴀტირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
Ⴈგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.
Ⴗმამან უთხრა: «Ⴃაო Ⴀსმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს:
Ⴅეღარ მივჰხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს».
Ⴄსე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსწვიმდეს.
Ⴕალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს
Ⴈგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,
Ⴄრთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა;
Ⴈზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.
Ⴀვთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.
Ⴑული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,
Ⴕვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,
Ⴋას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;
Ⴘინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.
Ⴀვთანდილს უკვირს: «Ⴀმბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!»
Ⴂათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა,
Ⴘავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა,
Ⴘეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.
Ⴋის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასრე ჯდა.
Ⴕალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;
Ⴄრთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა;
Ⴀსმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.
Ⴀვთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა,
Ⴓლვაშ-აშლილი, წვერ-გამო, «Ⴌუთუ მზეაო, – თქვა, – ცისა?»
Ⴄყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა;
Ⴀსრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.
Ⴋასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა,
Ⴘამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა;
Ⴀვთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა,
Ⴇქვა, თუ: «Ⴖმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა
«Ⴀწ ამას ჩემთვის Ⴖმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო?
Ⴕალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო,
Ⴙემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო,
Ⴋას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო»