Читать книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - იაკობ ცურტაველი - Страница 6

Ⴇინათინისაგან Ⴀვთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

Оглавление

Ⴀვთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,

Ⴈმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.

Ⴘემოვიდა მას წინაშე Ⴇინათინის მონა ზანგი,

Ⴋოახსენა: «Ⴂიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი».


Ⴀვთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,

Ⴀდგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;

Ⴓხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.

Ⴀმოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!


Ⴀვთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,

Ⴋას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;

Ⴈგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,

Ⴋთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.


Ⴂაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,

Ⴄბურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,

Ⴠშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,

Ⴋას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი.


Ⴃაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა;

Ⴀვთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.

Ⴋონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა.

Ⴎირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.


Ⴕალმა უბრძანა: «Ⴆარი მლევს მე ამისისა თხრობისა;

Ⴋწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,

Ⴋაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,

Ⴐად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?»


Ⴗმამან ჰკადრა: «Ⴑაზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?

Ⴋზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;

Ⴀზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,

Ⴇქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების».


Ⴕალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად;

Ⴈტყვის: «Ⴇუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,

Ⴂიკვირს, მოგხვდა წამის ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად,

Ⴋაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.


«Ⴂახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,

Ⴗმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?

Ⴋას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა,

Ⴘენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.


«Ⴀქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,

Ⴋაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,

Ⴅიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,

Ⴘეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.


«Ⴀსრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:

Ⴎირველ, ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად,

Ⴋერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;

Ⴜადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.


«Ⴘენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,

Ⴐომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.

Ⴂულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,

Ⴋერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.


«Ⴑამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი;

Ⴠპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი;

Ⴅერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი;

Ⴉოკობი და დაუფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.


«Ⴔიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,

Ⴋზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,

Ⴑრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,

Ⴘენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი».


Ⴋოახსენა ყმამან: «Ⴋზეო, ვინ გიშერი აწამწამე,

Ⴑხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?

Ⴋე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,

Ⴅითა მონა, სამსახურად გაღანამცა წავე, წა, მე!»


Ⴉვლაცა ჰკადრა: «Ⴀჰა, მზეო, რათგან Ⴖმერთმან მზედ დაგბადა,

Ⴋით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა;

Ⴋე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი, მედიადა.

Ⴅარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად ა».


Ⴉვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი,

Ⴂასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი,

Ⴂაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი,

Ⴇეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.


Ⴄრთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,

Ⴁროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;

Ⴗმა ეტყვის, თუ: «Ⴘენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა, სად აგეს!

Ⴚეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს».


Ⴗმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა,

Ⴓკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა,

Ⴁროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,

Ⴂული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.


Ⴇქვა: «Ⴋზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,

Ⴁროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესად-რე.

Ⴋაშინ რაღა ვქმნა, ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე!

Ⴞამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე».


Ⴑაწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,

Ⴅითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების;

Ⴐა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების,

Ⴘეკრთის, დიდნი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების.


Ⴋოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,

Ⴚრემლსა ვითა მარგალიტსა ჰყრის ვარდისა დასანაზოდ.

Ⴐა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,

Ⴚხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.


Ⴃარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,

Ⴘესთვალა: «Ⴂკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია;

Ⴗოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,

Ⴀწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია.


«Ⴋე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,

Ⴇინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,

Ⴋორჩილ-ქმნილი გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,

Ⴛღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო».


Ⴋეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,

Ⴄბრძანა: «Ⴊომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა,

Ⴀწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა.

Ⴜა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!»


Ⴗმა შევიდა, თაყვანის-სცა, მადლი რამე მოახსენა:

«Ⴞელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი Ⴇქვენა?!

Ⴀწ ნუთუმცა კვლა ნახვითა Ⴖმერთმან ბნელი გამითენა,

Ⴎირი Ⴇქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!».


Ⴋეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი.

Ⴑხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!

Ⴗმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;

Ⴐოსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.


Ⴂამოემართა Ⴀვთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.

Ⴍც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წაჰრთო მრავალი.

Ⴈგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,

Ⴀრ მისცილდება Ⴇინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.


Ⴐა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა.

Ⴋოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.

Ⴈგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა.

Ⴋიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.


Ⴕალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,

Ⴂარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა.

Ⴗმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,

Ⴂაზრდილი მისი Ⴘერმადინ დაისვა სავაზიროსა.


Ⴄსეა მონა Ⴘერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული,

Ⴇანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული.

Ⴋან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული,

Ⴀწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.


Ⴓბრძანა: «Ⴀჰა, Ⴘერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,

Ⴙემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან,

Ⴋაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან!

Ⴋე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.


«Ⴋოუკლავარ Ⴇინათინის სურვილსა და სიყვარულსა,

Ⴚრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,

Ⴅერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,

Ⴀწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.


«Ⴋიბრძანა: «Ⴋიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,

Ⴋოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,

Ⴕმარი არ მინდა უშენოდ, მომხვდეს ხისაცა რგულისა!»

Ⴋომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.


«Ⴎირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად, —

Ⴞამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, —

Ⴋერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.

Ⴞამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.


«Ⴅართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,

Ⴀმისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:

Ⴙემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,

Ⴀმა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.


«Ⴊაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;

Ⴃარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი,

Ⴜიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,

Ⴀქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!


«Ⴊაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,

Ⴀქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,

Ⴋე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,

Ⴀრ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.


«Ⴋაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,

Ⴀცნობე ჩემი სიკვდილი, – იყავ მართ ვითა მთრვალია, —

Ⴋიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.

Ⴂლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.


«Ⴋაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,

Ⴌუთუ ადრე დამივიწყო? Ⴋახსენებდე ზედა-ზედ-რე!

Ⴋეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,

Ⴆრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე».


Ⴐა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,

Ⴇვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოყარა,

Ⴋოახსენა: «Ⴓშენომან გულმან რამცა გაიხარა!

Ⴅიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.


«Ⴙემად ნაცვლად დაგაგდებო», – ესე სიტყვა ვით მიბრძანე?

Ⴐაგვარა ვქმნა პატრონობა? Ⴐამც გიფერე, რამც გიგვანე?

Ⴘენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!

Ⴑჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე!»


Ⴗმამან უთხრა: «Ⴋომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:

Ⴐა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.

Ⴋარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად,

Ⴉაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.


«Ⴅისმცა ვუთხარ ხვაშიადი? Ⴘენგან კიდე არვინ ვარგა,

Ⴓშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა?

Ⴑანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა,

Ⴉვლა ნუთუმცა შემოვიქეც, Ⴖმერთმან სრულად არ დამკარგა.


«Ⴔათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;

Ⴋარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;

Ⴀქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;

Ⴜიგნსა მოგცემ, გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი».

Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Подняться наверх