Читать книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - იაკობ ცურტაველი - Страница 9

Ⴀმბავი Ⴀვთანდილისა, Ⴀსმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან

Оглавление

Ⴙამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული,

Ⴆედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარ-განხმული.

Ⴋუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,

Ⴄგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.


Ⴅერ იცნა, – სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, —

Ⴔიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა;

Ⴗმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა;

Ⴞმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.


Ⴋას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,

Ⴅითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა,

Ⴒარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,

Ⴀვთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.


Ⴄტყოდა: «Ⴑულე! Ⴐამც გიყავ? Ⴉაცი ვარ, ადამიანი,

Ⴓფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,

Ⴋისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი?

Ⴑხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი».


Ⴕალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:

«Ⴇუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!

Ⴀწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;

Ⴚუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა».


Ⴉვლა ეტყვის: «Ⴗმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა?

Ⴋაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.

Ⴘენ ერთხელ მეტყვი, «Ⴋითხარო», მე ასჯერ გეტყვი «Ⴅერასა»,

Ⴅითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა».


«Ⴕალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან;

Ⴍდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან;

Ⴘენ მიპოვნიხარ, – სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, —

Ⴅერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!»


Ⴕალმან უთხრა: «Ⴐას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?

Ⴋზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო!

Ⴂრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:

Ⴅერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!»


Ⴉვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა,

Ⴋაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,

Ⴎირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,

Ⴀდგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა


Ⴄგრე უთხრა: «Ⴋე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?!

Ⴐაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო?!

Ⴂიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,

Ⴇვარა, Ⴖმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!»


Ⴕალმან უთხრა: «Ⴄგე ღონე მოიგონე მატად ავი:

Ⴇუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი.

Ⴐად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?

Ⴉვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედან თავი».


Ⴉვლა ეტყვის: «Ⴗმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო?

Ⴄგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!

Ⴋე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო,

Ⴅითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.


«Ⴙემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია,

Ⴋით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;

Ⴙალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.

Ⴅერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?»


Ⴗმამან თქვა, თუ: «Ⴀრ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,

Ⴑხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა».

Ⴂაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა,

Ⴕალსა უთხრა: «Ⴂაგარისხე, აწ, არ ვიცი, ვით დავრჩე, ვა!»


Ⴕალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;

Ⴀვთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია;

Ⴅარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.

Ⴉვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია


Ⴗმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა,

Ⴋაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;

Ⴗმამან ცნა, თუ: «Ⴂონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა».

Ⴚრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.


Ⴓთხრა: «Ⴅიცი, აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,

Ⴂაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად;

Ⴀწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,

Ⴀმად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.


«Ⴇავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,

Ⴋიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;

Ⴑხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;

Ⴑულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!»


Ⴐა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,

Ⴂულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება,

Ⴉვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.

Ⴀვთანდილს Ⴖმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.


Ⴈტყვის, თუ: «Ⴀმა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,

Ⴅისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების».

Ⴉვლა უთხრა: «Ⴃაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;

Ⴄსეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.


«Ⴅარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად;

Ⴙემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;

Ⴖრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი, სად!

Ⴂული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად


«Ⴋისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,

Ⴋისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე

Ⴍრისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე,

Ⴀნ მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე».


Ⴕალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:

«Ⴄგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.

Ⴜეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,

Ⴀწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.


«Ⴋაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,

Ⴀრ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე,

Ⴀრ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე;

Ⴘენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!


«Ⴀწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,

Ⴐასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;

Ⴇუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,

Ⴋოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გა-ცა-სწბილდები»


Ⴗმამან უთხრა: «Ⴄგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:

Ⴍრნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა,

Ⴓკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,

Ⴆედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა.


«Ⴄგრე უთხრა: «Ⴀმხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,

Ⴜავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე»;

Ⴋას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე,

Ⴘემოჰყივლა: «Ⴀრ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?»


«Ⴀწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,

Ⴑხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა;

Ⴐასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა,

Ⴇვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!»


Ⴕალმან უთხრა: «Ⴋომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.

Ⴞარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;

Ⴞარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,

Ⴐაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.


«Ⴈმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების;

Ⴇვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიჯერების;

Ⴋოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების,

Ⴃადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.


«Ⴂითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:

Ⴒარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;

Ⴋე Ⴀსმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,

Ⴑულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.


«Ⴀმის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:

Ⴈსი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა,

Ⴅჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,

Ⴀწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.


«Ⴀმას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო;

Ⴐა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო;

Ⴄრთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,

Ⴇვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო»


Ⴕალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.

Ⴀმას ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;

Ⴋთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება,

Ⴓკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.


Ⴕალმან უთხრა: «Ⴗმაო, მოგცა, ჟამად Ⴖმერთმან, რაცა გინა,

Ⴋაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;

Ⴈმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ ა;

Ⴌუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა».


Ⴀვთანდილ ქალმან დამალა ქვაბს დამალვითა მალითა.

Ⴈგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;

Ⴀტირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,

Ⴀვთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.


Ⴀმარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.

Ⴃიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;

Ⴘეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;

Ⴃადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.


Ⴀვთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები.

Ⴋან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;

Ⴋას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,

Ⴑისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.


Ⴋან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა,

Ⴄგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა;

Ⴋიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა,

Ⴛალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა


Ⴚოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი;

Ⴘეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი,

Ⴈზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.

Ⴚალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.


«Ⴐად დაჰბრუნდი? – მოახსენა, – მითხარ, რაცა წაგეკიდა!»

Ⴋან უბრძანა: «Ⴋონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა,

Ⴠყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,

Ⴈგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და.


«Ⴑევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე,

Ⴀრ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე,

Ⴋათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე,

Ⴅთქვი: «Ⴌუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე»».


Ⴕალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად;

Ⴋოახსენა: «Ⴋხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,

Ⴀრას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად;

Ⴋას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?


«Ⴗოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,

Ⴄრთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?

Ⴂეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია;

Ⴘენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?»


Ⴓბრძანა: «Ⴃაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,

Ⴋაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!

Ⴅის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?

Ⴙემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა


«Ⴖმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა,

Ⴑიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!

Ⴅინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?

Ⴘენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა».


Ⴕალმან ჰკადრა: «Ⴀრ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;

Ⴐათგან Ⴖმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,

Ⴅერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია.

Ⴀრა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია».


Ⴗმამან უთხრა: «Ⴐას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე.

Ⴉაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!

Ⴖმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე!

Ⴂანაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე».


Ⴕალმან კვლა ჰკადრა: «Ⴂაგსაჯე მეტითა შეგონებითა,

Ⴋაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,

Ⴈგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა,

Ⴔიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა».


Ⴗმამან უთხრა: «Ⴇუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,

Ⴑიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ,

Ⴀრას ვუზამ უგემურსა, არაოდეს გავამწარებ;

Ⴐაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ»

Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Подняться наверх